ნიკოლოზ ბასილაშვილმა პორტუგალიაში, მაიას ჩელენჯერის ტურნირზე პირველივე შეხვედრა წააგო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუმატებელ სერიას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი ძალები ამჯერად პორტუგალიაში, მაიას ჩელენჯერის ტურნირზე მოსინჯა და პორტუგალიელ როდრიგო ფერნანდეშთან სამ სეტში, 2:6, 7:5, 6:7 წააგო.
ფერნანდეში ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1398-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბასილაშვილი შეხვედრის წინ კლასიფიკაციაში 591-ე ადგილზე იყო.
მატჩის პირველ სეტში ბასილაშვილს შანსი არ ჰქონია, თამაშს მთლიანად მეტოქე აკონტროლებდა. მეორე სეტში ქართველმა რიტმი იპოვა, მე-11 გეიმში მეტოქის ჩაწოდება აიღო და პარტიაც გამარჯვებამდე მიიყვანა. მესამე სეტში მოთამაშეები თავიანთ ჩაწოდებებზე დამაჯერებლები იყვნენ, ტაიბრეიქზე კი ფერნანდეშმა ბასილაშვილს ჩაწოდება ოთხჯერ აართვა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ერთ დროს მსოფლიოს მე-16 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზე რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ოქტომბერში დაბრუნდა. ამის შემდეგ მან შვიდი შეხვედრა ჩაატარა და ექვსჯერ დამარცხდა.