ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტიტული ვერ შეინარჩუნა და საუკეთესო ოცეულს დატოვებს
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტიტული ვერ შეინარჩუნა და საუკეთესო ოცეულს დატოვებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო პეკინის ATP500-ის კატეგორიის ტურნირზე ტიტულის შენარჩუნება. მან ორ საათსა და 10 წუთში სამ სეტში წააგო ბერძენ სტეფანოს ციციპასთან – 6:4, 3:6, 2:6 და ორშაბათიდან რეიტინგში სერიოზული დაქვეითება ელოდება.

მატჩში უფრო ხშირად, ინიციატივას ციციპასი ფლობდა – ის რეგულარულად აგროვებდა ბრეიკ-პოინტებს, მაგრამ ბასილაშვილი ძალიან დიდი ხანი არ უშვებდა ბერძენს ბრეიკამდე. ციციპასმა ზედიზედ 11 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და მხოლოდ მე-12 ცდაზე შეძლო პირველად მეტოქის მოწოდების აღება – ამით ის 3:1 დაწინაურდა მეორე სეტში, შემდეგ ეს უპირატესობა შეინარჩუნა და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა.

მანამდე, ბასილაშვილმა პირველ სეტში ოთხიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქის ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და სეტებში წინ გავიდა.

მესამე სეტი ბასილაშვილისთვის ცუდად დაიწყო – ციციპასმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. სეტისა და მთლიანად მატჩის გადარჩენის შანსი ბასილაშვილს მეექვსე გეიმში მიეცა, როცა ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ციციპასმა შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება. მომდევნო გეიმში კი უკვე ბერძენმა მიიღო სამი ბრეიკ-პოინტი, მესამე სეტში მეორე ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო, რაც მერვე გეიმში უპრობლემოდ მოახერხა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ციციპასს ჯამში 17 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი გამოიყენა, ბასილაშვილს – შვიდიდან ერთი. ქართველმა ძალიან ცუდად ითამაშა მეორე მოწოდებაზე – ქულების მხოლოდ 45 პროცენტი აიღო. გარდა ამისა, რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ამ წაგებით, ბასილაშვილი ახალ რეიტინგში , რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ტოპ-ოცეულის მიღმა აღმოჩნდება. ქართველმა ნაადრევ ეტაპზე დამარცხებით 455 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ახლა, “ცოცხალ” კლასიფიკაციაში 26-ე ადგილზეა.