ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხი მატჩბოლი მოიგერია და მეცის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხი მატჩბოლი მოიგერია და მეცის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს 36-ე ჩოგანი) საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მან უაღრესად დრამატულ ბრძოლაში ოთხი მატჩბოლი მოიგერია და ორ საათსა და 53 წუთში 0:6, 6:4, 7:6(4) დაამარცხა კლასიფიკაციის 45-ე ნომერი, ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა.

პირველ სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ესპანელს ჰქონდა – ცხრა ასეთი შანსი მიიღო, სამი გამოიყენა და პარტია მშრალი ანგარიშით მოიგო.

მეორე სეტში ბასილაშვილმა გამოასწორა საკუთარ მოწოდებაზე თამაში და დავიდოვიჩ ფოკინას ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია. თავად ქართველმა ჩოგბურთელმა ერთ ბრეიკ-პოინტამდე მიაღწია და შანსი ხელიდან არ გაუშვა, რითაც სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

მესამე სეტში ბასილაშვილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – თავიდან ბრეიკით 0:3 ჩამორჩა და მართალია, მეშვიდე გეიმში უკუბრეიკის შესრულება შეძლო, მაინც ძალიან ახლოს იყო მატჩის წაგებასთან. მე-10 გეიმში ქართველის მოწოდებაზე დავიდოვიჩ ფოკინამ ოთხი მატჩბოლი მოიპოვა, მაგრამ ბასილაშვილმა ოთხივეჯერ შეძლო რთული მდგომარეობიდან გამოსვლა და ანგარიშის გათანაბრება – 5:5. მე-11 გეიმში ესპანელს მოუწია ოთხი დაფარული მატჩბოლის მოგერიება და საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ბასილაშვილი უკეთ გამოიყურებოდა და მეორე ცდაზე გამოიყენა მატჩბოლი.

ბასილაშვილი მეხუთედ თამაშობს მეცის ტურნირში და მეოთხედ გავიდა მეოთხედფინალში. აქ მისი მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იქნება. ეს ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2018 წელს, მადრიდის „მასტერსზე“ მონფილსმა სამ სეტში მოიგო – 6:2, 3:6, 6:3.

ბასილაშვილისა და მონფილსის შეხვედრა პარასკევს, 20 საათზეა ჩანიშნული.