ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიუ იორკის ტურნირის პირველ წრეში წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიუ იორკის ტურნირის პირველ წრეში წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, პირველივე წრეში დამარცხდა ნიუ იორკის ტურნირზე. ქართველი კლასიფიკაციის მე-100 ნომერს, 32 წლის დუდი სელას ხვდებოდა.

ისრაელელმა ჩოგბურთელმა 59 წუთში ორ სეტში დაამარცხა მერვე ნომრად განთესილი ბასილაშვილი – 6:4, 6:4. ქართველმა ცუდად დაიწყო მატჩი და 0:4 ჩამორჩა. ნიკა მხოლოდ სეტის მეორე ნახევარში გამოფხიზლდა, ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მაგრამ ვერ დაეწია მეტოქეს.

მეორე სეტსაც იგივე დასაწყისი ჰქონდა – ისევ 0:4, რასაც მოჰყვა ბასილაშვილი მხრიდან ზედიზედ ოთხი გეიმის აღება. ქართველმა თითქოს შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ იქვე მეხუთედ დათმო საკუთარი მოწოდება და სელამ შეძლო მატჩზე ჩაწოდება.

ბასილაშვილი სეზონის ამ ნაწილში შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, მაროკოსთან დევისის თასის მატჩში მან ორივე ერთეულთა მატჩი წააგო.