ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალთან ბრძოლაში წააგო [ფოტო/ვიდეო]

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ესპანელ რაფაელ ნადალს, მაგრამ ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ოთხ სეტში მოიგო – 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4. შეხვედრა 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

ამ ჩოგბურთელთა წინა და ერთადერთ შეხვედრაში ბასილაშვილმა სამ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. ამჯერად კი ამ მაჩვენებელს 17-ჯერ გადააჭარბა.

პირველი სეტის საწყის ექვს გეიმში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ბასილაშვილმა სამ თავის გეიმში მხოლოდ ერთი ქულა დათმო, მაგრამ მერვე გეიმში ნადალმა პირველი ბრეიკპოინტები გამოიმუშავა და ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც სეტზე ჩააწოდა.

მეორე სეტი ნადალის ბრეიკით დაიწყო. ბასილაშვილს შეეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, მაგრამ მეოთხე გეიმში სამი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ ქართველს მიღებაზე შანსი აღარ ჰქონია, ნადალმა კი მიწურულს კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და მეორე სეტშიც 6:3 მოიგო.

ბასილაშვილმა მესამე სეტის მოგების რეალური შანსი მიიღო, როცა მესამე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ნადალმა იქვე უკუბრეიკით უპასუხა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები ბრეიკპოინტებამდე ვერ მიდიოდნენ და საბოლოოდ, ტაიბრეიკამდე მიაღწიეს.

ტაიბრეიკზე ნადალი ორჯერ გავიდა წინ მინიბრეიკით და ქართველმა ორივეჯერ გაათანაბრა – 4:4. სულ მალე კი ბასილაშვილმა სეტბოლი მოიგო, მაგრამ ნადალმა ბექჰენდით აღადგინა თანაფარდობა – 6:6. ნიკამ მალე მეორე სეტბოლი მიიღო და შანსი გამოიყენა – 7:6(8:6).

ნადალმა მაქსიმალური მობილიზებით დაიწყო მეოთხე სეტი და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილს შეეძლო მეოთხე გეიმში უკუბრეიკის აღება, მაგრამ ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეექვსე გეიმში ქართველმა მაინც აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება და გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ნადალმა იქვე ისევ შეძლო ბრეიკის შესრულება და 4:3 დაწინაურდა. ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და ესპანელი მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. ბოლო გეიმში რაფას პრობლემა არ ჰქონია, სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა და პირველივე შანსი გამოიყენა.

მატჩის სტატისტიკა
რაფაელ ნადალი-ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4
7 ეისი 8
3 ორმაგი შეცდომა 8
65% I მოწოდების სიზუსტე 56%
75% (58/77) I მოწოდებისას მოგებული ქულები 69% (50/72)
61% (25/41) II მოწოდებისას მოგებული ქულები 50% (28/56)
38% (6/16) ბრეიკ-პოინტების გამოყენება 29% (2/7)
29 ვინერსები 56
19 უნებლიე შეცდომები 59