ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 188-ე ჩოგანთან წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 188-ე ჩოგანთან წააგო

ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს არ გამოუვიდა ავსტრალიის ღია პირველობის წინ ბოლო რეპეტიცია. მსოფლიოს 39-ე ჩოგანმა მელბურნის ტურნირის (Great Ocean Road Open) პირველივე მატჩში წააგო ნაკლებად ცნობილ ესპანელთან მარიო ვილელია მარტინესთან, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 188-ე ნომერია. მატჩის ანგარიშია – 7:5, 6:3 ესპანელის სასარგებლოდ. თამაში საათი და 35 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტის პირველ ორ გეიმში მეტოქეებმა ბრეიკ-პოინტები გაცვალეს, თუმცა, ბრეიკამდე ვერ მივიდნენ. 3:3-ზე ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მეხუთე ცდაზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, შემდეგ თავისი გეიმიც მოიგო და სეტზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა. მაგრამ ამის შემდეგ, ქართველ ჩოგბურთელს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა – 5:3-დან მან ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო და 5:7, 0:3 ჩამორჩა.

ამის შემდეგ, ვილელიამ შეძლო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მათ შორის ერთი ბოლო გეიმში, როცა ესპანელი მატჩზე აწვდიდა.

ქართველ ჩოგბურთელს პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 51 პროცენტი ჰქონდა, პირველი მოწოდებით ქულების 74 პროცენტი აიღო, მეორეთი მხოლოდ 34, ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ერთი გამოიყენა (მისმა მეტოქემ – 11-დან სამი), ხუთი ეისი ჩააწოდა და ამდენიმე ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 8 თებერვალს დაიწყება.