ბასილაშვილს ნიშიკორის დამარცხებამდე სულ მცირე დააკლდა
ბასილაშვილს ნიშიკორის დამარცხებამდე სულ მცირე დააკლდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი  საფრანგეთის მეცის ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა თანაბარ ბრძოლაში დათმო შეხვედრა კლასიფიკაციის მე-12 ნომერთან, იაპონელ კეი ნიშიკორისთან, რომელიც ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ღიას ნახევარფინალში იყო გასული – 2:6, 6:4, 4:6. შეხვედრა 2 საათი და 9 წუთი გრძელდებოდა.

მატჩის პირველი ნახევარი უპირატესობა ნიშიკორის ჰქონდა. მან პირველი სეტი ორი ბრეიკით მოიგო ისე, რომ მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ დაუთმო, მეორე პარტიაში კი ბრეიკით დაწინაურდა და ბასილაშვილი წაგების პირას აღმოჩნდა – 2:6, 0:2.

სწორედ ამის შემდეგ, თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა – ქართველი ნიშიკორის მიღებაზე შანსს აღარ აძლევდა, მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, გადამწყვეტი ბრეიკი კი მეცხრე გეიმში შეასრულა, რის შემდეგაც, სეტზე ჩააწოდა.

ბასილაშვილი  მესამე სეტში ინიციატივის ფლობას აგრძელებდა და პირველი ბრეიკიც სწორედ მან შეასრულა. საკუთარი გეიმების შენარჩუნების შემთხვევაში, ქართველი ნახევარფინალში გავიდოდა, მაგრამ ნიშიკორიმ მეექვსე გეიმში უკუბრეიკის შესრულება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. იაპონელმა იმ თამაშის რითმის დაბრუნება მოახერხა, რაც პირველ სეტში ჰქონდა, რისი შედეგიც აღმოჩნდა მეათე გეიმში მორიგი ბრეიკის შესრულება, რამაც იაპონელს მოგება მოუტანა.