ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსის პირველი წრე დათმო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსის პირველი წრე დათმო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ​ცინცინატის მასტერსის პირველი წრის გადალახვა ვერ შეძლო. მან დათმო შეხვედრა რუს ანდრეი რუბლიოვთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირის ფინალში დაამარცხა.

პირველ სეტში თანაბარი თამაში მიდიოდა. მთელი პარტიის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა, რომელიც ბასილაშვილს პირველ გეიმში ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სეტის ბედი ლოგიკურად ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა. მე-13 გეიმში ბასილაშვილი 1:3 ჩამორჩა, მაგრამ მომდევნო შვიდი გათამაშებიდან ექვსი მოიგო და სეტიც მას დარჩა.

მომდევნო ორ სეტში ბასილაშვილი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც არ მისულა. მეორე სეტშიც თითქოს ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა, მოულოდნელად ჩააგდო მეცხრე გეიმი – მშრალი ანგარიშით დათმო საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც, რუბლიოვმა სეტზე ჩააწოდა.

როგორც ჩანს, ამ სეტის წაგებამ ფსიქოლოგიურად გატეხა ბასილაშვილი, რომელმაც კიდევ ორჯერ წააგო საკუთარი გეიმი მესამე სეტში და დამარცხდა ორი საათი ბრძოლის შემდეგ – 7:6(4), 4:6, 2:6.

ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:1 გახდა, ბასილაშვილის სასარგებლოდ.