ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას პირველი წრე გაიარა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას პირველი წრე გაიარა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო აშშ-ის ღია პირველობა – ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ხუთი სეტი მოანდომა მარტონ ფუჩოვიჩის დამარცხებას – 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3. მატჩი სამი საათი და 43 წუთი გრძელდებოდა.

მატჩი ფუჩოვიჩის ბრეიკით დაიწყო, რომელიც ბასილაშვილმა მეექვსე გეიმში დაიბრუნა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 3:3-დან უნგრელმა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო. პირველ პარტიაში ქართველს მოწოდება არ მისდიოდა – პირველი და მეორე მოწოდებაზე ქულების 48 პროცენტი აიღო.

ბასილაშვილმა მეორე სეტიდან მოიპოვა უპირატესობა. მართალია, მის ერთ ბრეიკს ფუჩოვიჩმა უკუბრეიკით უპასუხა, მაგრამ მეცხრე გეიმში ნიკამ ისევ მოიგო მეტოქის მოწოდება და სეტზე ჩაწოდებაც შეძლო.

მესამე სეტის პირველ ნახევარში ქართველს უკვე დიდი უპირატესობა ჰქონდა, ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა და პარტიის მოგებას მიუახლოვდა, თუმცა ოდნავ გაუჭირდა მიზნის მიღწევა – სეტის მეორე ნახევარში ექვსი ბრეიკის მოგერიება მოუწია და მესამე სეტბოლზე აიღო პარტია.

მეოთხე სეტს უცნაური დასაწყისი ჰქონდა – პირველ ოთხ გეიმში ოთხი ბრეიკი დაფიქსირდა. ეს სერია ფუჩოვიჩმა შეწყვიტა, რომელმაც დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე, კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

ბასილაშვილის მდგომარეობა კრიტიკული გახდა მას შემდეგ, რაც მეხუთე სეტში უნგრელმა ბრეიკით დაწინაურება შეძლო – 3:1. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა მკვეთრად მოუმატა, საკუთარი გეიმები დამაჯერებლად მოიგო, ორჯერ მეტოქის მოწოდებაც აიღო და ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით მეორე წრის საგზური მოიპოვა.

ორივე ჩოგბურთელი არ იყო დამაჯერებელი საკუთარ მოწოდებაზე – ვერც ერთმა და ვერც მეორემ პირველ მოწოდებაზე ქულების 60 პროცენტის აღებაც ვერ შეძლო. მატჩში სულ 32 ბრეიკ-პოინტი იყო – 19 ფუჩოვიჩს ჰქონდა, 13 ბასილაშვილს. თუმცა, ქართველმა ბრეიკების რაოდენობით აჯობა უნგრელს – 9:8.