ნიკოლოზ ბასილაშვილი - ვიცი, რომ განსაკუთრებით მაკვირდებიან
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ვიცი, რომ განსაკუთრებით მაკვირდებიან

ცოტა ხნის წინ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პროფესიული ტურის მორიგ ტურნირში თამაშობდა. ამ ტურნირის ორგანიზატორებმა ქართველს ბუდაპეშტში ექსკურსია მოუწყვეს და თან ვრცელი ინტერვიუც ჩამოართვეს. ჩვენ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს გვთავაზობთ.

ბასილაშვილმა გაიხსენა შარშანდელი სეზონი, რომელიც განსაკუთრებულად წარმატებული იყო მისთვის. ფართო საჩოგბურთო სამყარომ სწორედ 2018 წელს გაიცნო ქართველი ჩოგბურთელი.

„გასულ წელს, ATP500-ის ორი ტურნირი მოვიგე. ორივე გამარჯვება ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს“.

წელს, მან პირველად შეაღწია რეიტინგის ტოპ-ოცეულში და დღეისთვის, კარიერის რეკორდიც აქვს დამყარებული – ბასილაშვილი მე-17 ადგილამდე ამაღლდა.

„წელს კი რეიტინგში კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი მაქვს. ესეც დამატებითი პასუხისმგებლობაა, რადგან TOP20-ში ყოფნა გავალდებულებს – მუდმივად კარგად ითამაშო და დაამტკიცო, რომ ელიტაში ყოფნის ღირსი ხარ. გულშემატკივრებსაც შენგან უფრო მეტის მოლოდინი აქვთ“.

ბასილაშვილს კარგად ესმის, რომ მისი თამაში შორის არის იდეალურისგან და იცის – რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

„ვმუშაობ იმაზე, რომ ამგვარ გამოწვევებს გავუმკლავდე, წინ წავიდე და კონცენტრირება მოვახდინო თამაშის გაუმჯობესებაზე“.

საქართველოს კარგა ხანია არ ჰყოლია ასეთი დონის ჩოგბურთელი, ამიტომაც, ბასილაშვილს გაცნობიერებული აქვს, რომ ის უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდა ჩოგბურთელებისთვის.

„ვცდილობ, მივცე სწორი და კარგი მაგალითი ახალ თაობას, როგორც კორტზე, ასევე მოედნის მიღმა. ვიცი, რომ განსაკუთრებით მაკვირდებიან. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა ჩემთვის. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ვარ. ეს მართლაც განსაკუთრებული გრძნობაა“.