ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო როლან გაროსი. მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა ორ საათსა და რვა წუთში ოთხ სეტში მოუგო სერბ დუშან ლაიოვიჩს – 6:4, 6:3, 0:6, 6:2.

პირველი სეტის პირველ ნახევარში ბასილაშვილი მდევრის როლში იყო – ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით და, მართალია, ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ 1:4-ს აგებდა. თუმცა, ამის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად ათამაშდა და ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება შეძლო, აქედან ორი – ბრეიკი იყო.

მეორე სეტში ბასილაშვილს უკვე ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. მას ერთადერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, სამაგიეროდ, თავად ოთხი ბრეიკ-პოინტი მიიღო, ორი გამოიყენა და სეტებში 2:0 დაწინაურდა.

ორი სეტის მოგების შემდეგ, ქართველს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა მესამე პარტიაში. ლაიოვიჩმა მეტოქეს არც ერთი გეიმი არ დაუთმო. ბასილაშვილმა თავის მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი (!) ქულა მოიგო, მთლიანად სეტში – ცხრა.

მეოთხე სეტი პირველს ჰგავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბრეიკით ორჯერ წინ ბასილაშვილი გავიდა. სერბმა ერთხელ შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მეორე ჯერზე ეს ვერ გააკეთა, უფრო მეტიც, ქართველმა კიდევ ერთი ბრეიკით დაასრულა შეხვედრა.

ბასილაშვილს მოწოდებაზე განსაკუთრებული სტატისტიკა არ ჰქონია – პირველ ბურთზე ქულების 56 პროცენტი მოიგო, მეორეზე – 54. მან 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და რვა გამოიყენა, ლაიოვიჩმა – რვიდან ექვსი.

მეორე წრეში ბასილაშვილი ესპანელებს – კარლოს ალკარასსა (97-ე ნომერი) და ბერნაბე საპატა მირალიესს (128) შორის მოგებულს შეხვდება.