ნიკოლოზ ბასილაშვილი „მასტერსის“ ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი „მასტერსის“ ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში მან ორ სეტში დაამარხხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი – 7:6(2), 6:3. მატჩი საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ქართველისთვის ძალიან რთული გამოვიდა – ნიკა ვერც ერთ ბრეიკპოინტამდე ვერ მივიდა. ფრიტცმა სამი ბრეიკპოინტი მოიპოვა, თან სამივე სეტბოლი იყო – ორი 5:4-ზე და ერთიც 6:5-ზე. ბასილაშვილმა სამივე საფრთხე მოიგერია და შემდეგ ტაი-ბრეიკზე უპირატესობას ფლობდა. ის ორჯერ გავიდა წინ მინი-ბრეიკით, ფრიტცმა ორჯერ შეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ ნიკამ სეტბოლზე მესამედ მოახერხა მეტოქის მოწოდებაზე ქულის აღება და სეტიც მოიგო.

იოლი არც მეორე სეტი იყო. ფრიტცმა აქაც მოიპოვა ბრეიკპოინტები და ისევ ვერ შეძლო მათი გამოყენება – ოთხი ცდა გააფუჭა. ბასილაშვილმა კი მატჩში ერთადერთი ბრეიკპოინტი მეექვსე გეიმში გამოიმუშავა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება, რომელმაც ასევე ორ სეტში მოუგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს. ბასილაშვლი და ნორი პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – როტერდამში ჰარდის კორტზე. ბრიტანელმა მაშინ იოლად მოიგო – 6:0, 6:3.