ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის „მასტერსის“ მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის „მასტერსის“ მერვედფინალშია

მსოფლიოს მე-19 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე მატჩი მოიგო მაიამის „მასტერსზე“.

1/16 ფინალში ბასილაშვილს ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან მოუწია შეხვედრა და გაცილებით მეტი წინააღმდეგობა შეხვდა. ქართველმა კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკის შესრულება მოახერხა. სეტის შუაში, მეექვსე გეიმში ჰოლანდიელმა დაკარგული მოწოდების დაბრუნება შეძლო. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა ერთი ბრეიკპოინტის შანსი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. იქ კი ნიკამ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, 6:1 დაწინაურდა და მესამე ცდაზე გამოიყენა სეტბოლი.

მეორე სეტში კარგა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს.

ყველაფერი მერვე გეიმში გადაწყდა, რომელშიც ბასილაშვილმა სამმაგი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და მესამე შანსი გამოიყენა, რის შემდეგაც, მეცხრე გეიმში მატჩზე ჩააწოდა 7:6(3), 6:3.

მერვედფინალში ბასილაშვილი პოლონელ იურკაშსა და კანადელ ოჟე-ალიასიმს შორის მოგებულს შეხვდება.