ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლორენცო მუზეტისთან გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, მოგება ურთულეს კლიმატურ პირობებში მოვახერხე #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლორენცო მუზეტისთან გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, მოგება ურთულეს კლიმატურ პირობებში მოვახერხე #1TVSPORT

ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. დღეს მოგება ურთულეს კლიმატურ პირობებში მოვახერხე, თამაშის დროს მაღალი ტემპერატურა იყო, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერთან, იტალიელ ლორენცო მუზეტისთან მატჩის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბასილაშვილი აღნიშნავს, იტალიელ მეტოქესთან შეხვედრა ძალიან ფიზიკური გამოვიდა და ამის ფონზე გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა.

„მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი ვიყავი, უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი მოვიგე. შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, ტრავმებმა შემაფერხა. უიმბლდონის ორგანიზატორებმა შეჯიბრების ძირითად ბადეში პირდაპირი წესით არ დამიშვეს და საკვალიფიკაციო ეტაპების გავლა მომიხდა. საკუთარი თავით ვამაყობ, რადგან ამ ასაკში მსგავსი რამის მიღწევას ვახერხებ.

ბედნიერი ვარ ლორენცო მუზეტისთან გამარჯვებით. მოგება ურთულეს კლიმატურ პირობებში შევძელი, თამაშის დროს ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო“, – განაცხადა ბასილაშვილმა.

2025 წლის უიმბლდონის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ იტალიელ ჩოგბურთელს, ლორენცო სონეგოს შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილზეა.

ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირა, მაშინ ის მესამე წრეში გავიდა.