ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე მატჩი მოიგო კალიარის ATP250 კატეგორიის ტურნირზე – მან მეოთხედფინალში მოუგო გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს – 7:5, 4:6, 6:3. მატჩი ორი საათი და 34 წუთი გრძელდებოდა.

ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი 3:2-ს უგებდა შტრუფს, მაგრამ გერმანელმა მოიგო მათი ბოლო ორი შეხვედრა, თანაც იოლად – 6:1, 6:0 და 6:4, 6:2. ეს ორივე მატჩი 2020 წელს გაიმართა ჰარდის საფარზე.

ბასილაშვილმა ეს ოთხსეტიანი წაგებების სერია პირველ სეტში მოგებით შეწყვიტა. ქართველი ჩოგბურთელი მუდმივად წინ იყო საწყის პარტიაში – ბრეიკით ორჯერ დაწინაურდა და მშვიდად მოჰყავდა საქმე პირველი სეტის მოგებამდე, მაგრამ მეცხრე და მეათე გეიმებში შტრუფმა ოთხი სეტბოლის მოგერიება შეძლო, მეორე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 5:5.

ქართველმა მაინც არ მიიყვანა საქმე ტაი-ბრეიკამდე – მე-11 გეიმში მესამე ბრეიკი აიღო და შემდეგ მატჩზე ჩაწოდება მოახერხა.

მეორე სეტიც თავიდან ბასილაშვილის უპირატესობით მიდიოდა, მაგრამ მესამე და მეხუთე გეიმებში ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ინიციატივა შტრუფის მხარეს გადავიდა. მერვე გეიმში ბასილაშვილმა ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მეათე გეიმში გერმანელმა ისევ მიიღო მეტოქის მოწოდების აღების შანსი და ის ხელიდან აღარ გაუშვა, რითაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელიც ბასილაშვილისთვის იდეალურად დაიწყო – ორმაგი ბრეიკით წინ გასვლა, რასაც შტრუფმა ერთი უკუბრეიკით უპასუხა. ქართველმა მას მეტის შანსი არ მისცა და ნახევარფინალში გავიდა.

ამ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე სერბი ლასლო ჯერე იქნება. ისინი ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ანგარიშია – 2:2. სხვათა შორის, ოთხივე შეხვედრა გრუნტზე გაიმართა, ბოლო მატჩი კი 2019 წელს, რომის „მასტერსზე“ იყო და ის ქართველმა ორ სეტში მოიგო.