ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დუბაის ATP500-ის კატეგორიის ტურინირზე მეოთხედფინალში გადასასვლელ მატჩში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

ეს უკანასკნელი, ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. მან ტიტულის დაცვა ინდოელ რამკუმარ რამანათანთან მოგებით (6:4, 6:4) დაიწყო. თავის მხრივ, ბასილაშვილმა პირველ წრეში 6:4, 6:1 გაანადგურა რუსი კარენ ხაჩანოვი.

თუ სოფიას ამასწინდელ ტურნირს არ ჩავთვლით, სადაც ბაუტისტა აგუტმა ტრავმის გამო მეოთხედფინალში ვერ ითამაშა, ესპანელს შესანიშნავი სეზონი აქვს. მან მოიგო დოჰას ტურნირი, თან იქ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა სტენ ვავრინკა, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტომაშ ბერდიხი, ავსტრალიის ღიაზე კი მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ ოთხ სეტში წააგო ტურნირის სენსაციასთან სტეფანოს ციციპასთან.

ბაუტისტა აგუტი ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს ქართველს. პირველად ისინი 2015 წელს, უიმბლდონის პირველ წრეში შეხვდნენ და ესპანელმა 7:6(4), 6:0, 6:1 მოიგო, მეორედ 2017 წელს, მონაკოს „მასტერსზე“ – 1:6, 6:3, 7:5.