ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის ნახევარფინალში ვერ გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის ნახევარფინალში ვერ გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. ის 23 წლის სერბ ლასლო ჯერესთან სამ სეტში დამარცხდა, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 33-ე ადგილზეა. შეხვედრა საათი და 45 წუთი გაგრძელდა და სერბმა 3:6, 6:2, 6:3 მოიგო.

პირველ სეტში პირველი ბრეიკ-პოინტი ბასილაშვილმა გამოიმუშავა, მაგრამ მისმა მეტოქემ საფრთხე მოიგერია. ეს მეორე გეიმში მოხდა. პირველი ბრეიკი კი ჯერემ შეასრულა, როცა მეხუთე გეიმში პირველივე შანსი გამოიყენა. სერბი 3:2 დაწინაურდა, მაგრამ ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა მატჩში. ბასილაშვილი მძლავრად ათამაშდა და ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით პირველი სეტი 6:3 მოიგო.

მეორე პარტიაშიც პირველი ბრეიკი ჯერეს ჰქონდა, თუმცა, ამჯერად, მას ბასილაშვილმა ვერ უპასუხა. უფრო მეტიც, სერბმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი იოლად მოიგო. ქართველს ამ პარტიაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ასე რომ, ეს მატჩი სცენარით ბასილაშვილის წინა შეხვედრას დაემსგავსა, როცა ქართველმა პირველი სეტი მოუგო პეტერ გოიოვჩიკს, მაგრამ მეორეში „მშრალი“ ანგარიშით წააგო.

ასე რომ, ყველაფერი მესამე სეტს უნდა გადაეწყვიტა, რომლის პირველ გეიმში ბასილაშვილმა სამი ბრეიკ-პოინტი შანსი მიიღო და სამივე გაუშვა ხელიდან. შემდეგ გეიმში კი ჯერემ ბრეიკი შეასრულა და, როგორც გაირკვა, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ბასილაშვილმა ვეღარ უპასუხა მეტოქეს, არადა, 3:5-ზე, როცა სერბი მატჩზე აწვდიდა, სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. ბრეიკ-პოინტების რაოდენობით ნიკამ აჯობა მეტოქეს – 10:6, მაგრამ რეალიზაციას ჯერეს უკეთესი ჰქონდა – 2:4.

საბოლოოდ, ბასილაშვილი დაემშვიდობა ბუდაპეშტის ტურნირს, თუმცა, ქართველი ჩოგბურთელი მაინც წაიწევს წინ ახალ რეიტინგში, რადგან ბუდაპეშტის შარშანდელი ჩემპიონი მარკო ჩეკანატო უკვე გამოეთიშა ტურნირს, ორი საფეხურით უკან დაიწია და ამან ბასილაშვილს ერთი ადგილით წინ წასვლის საშუალება მისცა. ქართველი ორშაბათიდან მე-17 ჩოგანი იქნება.