ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიულ ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიულ ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP500 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში  გასვლა. მას მერვედფინალში გზა გადაუღობა მესამე ნომრად განთესილმა იტალიელმა მატეო ბერეტინიმ, რომელთანაც, ახლა 2:4-ს აგებს ურთიერთშეხვედრებში.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, რითი წყალობითაც ერთი ბრეიკის შანსი არ მისცა მეტოქეს. ქართველმა პირველი ბურთით ქულების 80 პროცენტი (20/25) მოიგო, მეორეთი – 63 პროცენტი (10/16). შესაბამისად, საკუთარ გეიმებში ჯამში სულ 11 ქულა დათმო. რაც შეეხება მიღებაზე თამაშს, ბასილაშვილმა მეორე გეიმში მიიღო სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა. შესაბამისად, დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელიც ნიკამ 7:5 მოიგო.

ბასილაშვილმა ვერც მეორე სეტის პირველ გეიმში შეძლო ერთი ბრეიკპოინტის გამოყენება, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა პარტიაში. ამის შემდეგ, ქართველს აღარ მისცემია მეტოქის მოწოდების მოგების შანსი, ბერეტინიმ კი მეორე და მერვე გეიმებში შეასრულა ბრეიკები და იოლად გაათანაბრა სეტებში ანგარიში.

მესამე სეტის სტარტზე იტალიელი მეოთხედფინალის საგზურს მიუახლოვდა, როცა მეორე გეიმში ბრეიკი აიღო. ბასილაშვილი ბევრს ეცადა უკუბრეიკის შესრულებას, მეშვიდე გეიმში ბრეიკპოინტიც გამოიმუშავა, მაგრამ ქამბექი არ შედგა და ბერეტინიმ ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ მოიგო – 6:7(5), 6:2, 6:3.