ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღიას სებასტიან კორდასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღიას სებასტიან კორდასთან მატჩით დაიწყებს #1TVSPORT

გაიმართა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონში „დიდი სლემის“ ბოლო ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა. გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე – ეს არის 21 წლის ამერიკელი სებასტიან კორდა, რომელიც დღეს მსოფლიოს 45-ე ნომერია, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

სებასტიან კორდას კარიერაში ერთი ტიტული აქვს მოგებული – წელს მარტში გაიმარჯვა იტალიაში გრუნტის ტურნირზე. ამ სეზონში ასევე ითამაშა დელრეი ბიჩის ფინალში და მაიამის „მასტერსის“ ნახევარფინალში. „დიდი სლემის“ ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგია მერვედფინალში გასვლა – ასე მოხდა შარშან როლან გაროსზე და წელს – უიმბლდონზე.

სებასტიან კორდა წარსულში ცნობილი ჩეხი ჩოგბურთელის, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონის (1998) პეტრ კორდას ვაჟია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს „დიდი სლემის“ ტურნირებზე საუკეთესო შედეგი სწორედ აშშ-ის ღიაზე აქვს ნაჩვენები – 2018 წელს მერვედფინალამდე მივიდა. შარშან კი წარუმატებლად ითამაშა და პირველივე წრეში წააგო ავსტრალიელ ჯონ მილმენთან.

ბასილაშვილი და კორდა პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებული მეორე წრეში შეხვდება ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს, შარშანდელი აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტს პაბლო კარენიო ბუსტასა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის მოგებულს.