ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჰააგაში გამოძიების დაწყებას ექვსი ქვეყანა ითხოვს
ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჰააგაში გამოძიების დაწყებას ექვსი ქვეყანა ითხოვს

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჰააგაში გამოძიების დაწყებას ექვსი ქვეყანა ითხოვს. არგენტინის, ჩილეს, კოლუმბიის, პერუს, პარაგვაისა და კანადის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში გამოთქვამენ ეჭვს, რომ ვენესუელის მეთაურმა 2014 წელს საპროტესტო აქციების დარბევისას, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.

Reuters-ის ცნობით, 7-გვერდიანი დოკუმენტი შეიცავს მტკიცებულებებს, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტებმა მოიპოვეს. კერძოდ, ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მომხრეთა წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო ერთდროულად აგზავნის საჩივარს საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში და კონკრეტულ სახელმწიფოს უჩივის.

მანამდე ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციისთვის საბაბს ეძებს.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მადურომ სურვილი გამოთქვა აშშ-ის ლიდერს პირადად შეხვდეს.

აშშ-მა ვენესუელას რამდენჯერმე დაუწესა სანქციები. უკანასკნელად ეს 25 სექტემბერს მოხდა, როდესაც ე.წ. „შავ სიაში“ ნიკოლას მადუროს მეუღლეც კი მოხვდა..