ნიკოლას მადურომ ვენესუელის არმიას მის მიმართ ლოიალობისთვის მადლობა გადაუხადა
ნიკოლას მადურომ ვენესუელის არმიას მის მიმართ ლოიალობისთვის მადლობა გადაუხადა

ნიკოლას მადურომ ვენესუელის არმიას მის მიმართ ლოიალურად დარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

ლათინური ამერიკის ქვეყნის არაღიარებული პრეზიდენტის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მადურომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ხუან გუაიდო ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ, ამას კი ხელი ქვეყნის არმიამ შეუშალა.

მადურომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვაში ოპოზიცია დაადანაშაულა. სიტყვით გამოსვლის დროს არაღიარებულმა პრეზიდენტმა რუსეთსა და ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. ხუან გუაიდოს კი ვაშინგტონის „კლოუნი და მარიონეტი“ უწოდა.

დედაქალაქ კარაკასში ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს მხარდამჭერი დემონსტრაციაც გაიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს დროებითმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ტურის მოწყობას გეგმავს.

ოპოზიციონერის მხარდამჭერი აქცია საბოლოო ჯამში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

დატოვე კომენტარი