ნიკოლას მადურომ სანქციების საპასუხოდ აშშ-ის ელჩის ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა
ნიკოლას მადურომ სანქციების საპასუხოდ აშშ-ის ელჩის ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების საპასუხოდ ნიკოლას მადურომ აშშ-ის ელჩის ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა – იუწყება Reuters. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ტოდ რობინსონს ლათინური ამერიკის ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი აქვს. ელჩთან ერთად ვენესუელას დატოვებს მისი მოადგილეც.

სატელევიზიო მიმართვის დროს ნიკოლას მადურომ ამერიკელი ელჩი სამხედრო შეთქმულებაში დაადანაშაულა. კონკრეტულ ბრალდებებზე მას არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ საელჩო ქვეყნის სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში გამუდმებით ერეოდა და მასზე ზეგავლენას ცდილობდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის ვითარება ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 67,7 პროცენტით გაიმარჯვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არჩევნების შედეგები არ ცნო და ლათინური ამერიკის ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.