ნიკოლას მადურომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი შეიწყალა
ნიკოლას მადურომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი შეიწყალა

ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი შეიწყალა.

შეწყალებულთა სახელები ვენესუელის კავშირისა და ინფორმაციის მინისტრმა, ხორხე როდრიგესმა გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან „ეროვნული შერიგების ინტერესებით“ ახსნა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ნაწილი პატიმრობაშია, ნაწილმა თავი უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შეაფარა, ზოგიერთმა კი ვენესუელა დატოვა.

შეწყალებულებს შორის არის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს თანაგუნდელი, რობერტო მორერა, რომელიც 2019 წლის მარტში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

ვენესუელაში 6 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. გუაიდო და ძირითადი ოპოზიციური ძალები მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი 2019 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის საერთაშორისო საზოგადოების ნაწილმა აღიარა. თუმცა, ნიკოლას მადურო, რომელსაც არმია უჭერს მხარს, ამ დრომდე რჩება ქვეყნის სათავეში.

დატოვე კომენტარი