ნიკოლას მადურო აშშ-ის სანქციებს უკანონოდ აფასებს
ნიკოლას მადურო აშშ-ის სანქციებს უკანონოდ აფასებს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის მხრიდან ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე სანქციების დაწესებას უკანონოდ აფასებს და კორპორაციის დასაცავად უახლოეს მომავალში ზომების მიღებას აანონსებს.

მადუროს თქმით, აშშ-ს ნავთობკორპორაციის შვილობილი კომპანია „სითგოს“ მიტაცება სურს. ნიკოლას მადუროს თქმით, ვენესუელა აშშ-ის მიმართ სიმეტრიულ ზომებს მიიღებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს ეკონომიკური სანქციები რამდენიმე საათის წინ დაუწესა. შემზღუდველი ზომების ფარგლებში, დაყადაღდება კორპორაციის შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები. ასევე, გაიყინება იმ იურიდიულ პირთა აქტივებიც, ვინც ვენესუელისგან ნავთობის შეძენას შეეცდება.

სანქციები ასევე შეეხება ვენესუელის ცენტრალურ ბანკს და იმ პირებს, რომლებიც ნიკოლას მადუროს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი ბოლო დღეების განმავლობაში გამწვავდა. ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად ცნო და საკუთარი თავი გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა. ხუან გუაიდოს მხარდაჭერა აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, სულ 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ გამოუცხადა.

დატოვე კომენტარი