ნიკოლაი პატრუშევი - ნატო-ს ქვეყნები რუსეთის საზღვაო ბლოკადის მცდელობებს აფართოებენ
ნიკოლაი პატრუშევი - ნატო-ს ქვეყნები რუსეთის საზღვაო ბლოკადის მცდელობებს აფართოებენ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ ნატო-ს ქვეყნები აძლიერებენ სამხედრო აქტივობას ერთდროულად რამდენიმე აკვატორიაში და აფართოებენ რუსეთის საზღვაო ბლოკადის მცდელობებს. ამის შესახებ პატრუშევმა რუსეთის საზღვაო კოლეგიის პრეზიდიუმის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„შეინიშნება ნატო-ს სამხედრო აქტივობის თანმიმდევრული გაძლიერება ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში, ჩრდილოეთ ატლანტიკაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში“, – განაცხადა პატრუშევმა.

გარდა ამისა, პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, რომ „დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაფართოვდა მიზანმიმართული მოქმედებების პრაქტიკა საზღვაო ბლოკადის მიზნით“, რომელთა შორისაა „საერთაშორისო წყლებში გემების დათვალიერების მცდელობები და დივერსიულ-ტერორისტული აქტები“.

რუსული მედიის ინფორმაციით, საზღვაო კოლეგიის პრეზიდიუმის სხდომაზე ყურადღება დაეთმო კონტრსანქციურ ზომებს, საზღვაო საქმიანობის სფეროში ორმხრივად სასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ასევე განხილული იყო დამატებითი ზომები „ბალტიის ზღვაში ნაოსნობის შეზღუდვასა და რუსული გემების დისკრიმინაციაზე რეაგირებისთვის“.