ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სატრანსპორტო კავშირების გახსნით რეგიონში განვითარების ლოგიკა სრულად შეიცვლება
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სატრანსპორტო კავშირების გახსნით რეგიონში განვითარების ლოგიკა სრულად შეიცვლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სატრანსპორტო კავშირების გახსნით რეგიონში განვითარების ლოგიკა სრულად შეიცვლება. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა.

ფაშინიანის კომენტარი ეხებოდა 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენას ეხება. ერთ-ერთი პუნქტი კი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აზერბაიჯანთან დაკავშირებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ამ დერეფნის უსაფრთხოება მათ შორის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაიცვას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. რადგან, თუ ვსაუბრობთ ეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ რეგიონში, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ის პოლიტიკური შეთანხება, რომელიც სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს, ცხადია, შეიძლება იქცეს არა მხოლოდ რეგიონში არსებული ეკონომიკური ცვლილებების საწყის წერტილად, არამედ შესაძლოა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ლოგიკა სრულად შეცვალოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ „სარკინიგზო ხაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განბლოკვა მოხერხდება“.