ნიკოლ ფაშინიანი - უნდა ვიმუშაოთ ახალი კონსტიტუციის ან კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად, ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს
ნიკოლ ფაშინიანი - უნდა ვიმუშაოთ ახალი კონსტიტუციის ან კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად, ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რეფერენდუმის საფუძველზე, უნდა ვიმუშაოთ ახალი კონსტიტუციის ან კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად, ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ფაქტობრივად, ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ, რომ 2015 წლის კონსტიტუციამ, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა, ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი ხარვეზის დემონსტრირება მოახდინა. დღეს ჩვენ ძველებურად ვხედავთ, რომ ეს კონსტიტუცია, სამწუხაროდ, ბევრ კრიზისულ შესაძლებლობასა და რისკს ქმნის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ეს პროცესი ეროვნულ კრებასთან, მთავრობასთან, რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოხდეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის კონსტიტუციაში არის მუხლები, რომელთა შესწორებას ეროვნული რეფერენდუმის ჩატარება არ სჭირდება და მისი შეცვლა ეროვნული კრების კენჭისყრით არის შესაძლებელი.

ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მან გასულ წელს, საზოგადოების სოლიდარობის აღდგენის მიზნით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინადადება დააყენა. ეს შეთავაზება კი, მისი თქმით, პირველ რიგში საპარლამენტო ძალებისკენ იყო მიმართული, რომლებიც მას მუდმივად უარყოფდნენ.

„ახლა მე მსურს, კიდევ ერთხელ ოფიციალურად განვაცხადო აქედან, რომ თუ უპირველეს ყოვლისა, საპარლამენტო ძალები მიიღებენ ჩემს წინადადებას, ჩვენ დავთანხმდებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აქციაზე თავის თანამემამულეებს ბოდიშიც მოუხდა და აღნიშნა, ჩადენილი შეცდომები გაკვეთილი იქნება.

„მინდა, მოვუბოდიშო ყველა თქვენგანის წინაშე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინაშე, სომხური დიასპორის წინაშე, არცახის ყველა მოქალაქის წინაშე ჩემი შეცდომებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგი დღესაც გაგრძელდება. როგორც ოპოზიციის ლიდერმა, იშხან საგათელიანმა განაცხადა, 3 მარტს, 16:00 საათზე მიტინგი მოედანზე განახლდება, როდესაც პარლამენტში კითხვა-პასუხის საათი უნდა მოეწყოს და კანონის მიხედვით, პარლამენტში ქვეყნის პრემიერიც უნდა იმყოფებოდეს.