ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკმარისზე მეტ შედეგს მივაღწიეთ, მივიწევთ წინ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში, ურთიერთობები ირანთან და საქართველოსთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს, ვითარდება და ღრმავდება

04:10, 25.09.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თითქმის 35-წლიანი კონფლიქტის შემდეგ, რეგიონში უკვე შესაძლებელია მშვიდობისა და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში არჩევნები განსაკუთრებულ ვითარებაში ჩატარდა, რადგან არსებობდა გარე და შიდა ძალების მხრიდან სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის გეგმა.

„არჩევნები განსაკუთრებულ ვითარებაში ჩატარდა. არსებობდა გარე და შიდა ძალების მიერ შემუშავებული და განხორციელებული გეგმა, რომლის მიზანიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდება იყო. ამისთვის გამოიყენებოდა მასობრივი დეზინფორმაცია, ჰიბრიდული და სხვა ინსტრუმენტები, ასევე იგეგმებოდა ამომრჩევლების მასობრივი მოსყიდვა. თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ მიერ განხორციელებულმა დემოკრატიულმა და ინსტიტუციურმა რეფორმებმა თავიანთი სიძლიერე აჩვენა. სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტებმა მაღალი მდგრადობა გამოავლინეს, ხელი შეუშალეს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას და სომხეთის ხალხს საკუთარი აზრის თქმის შესაძლებლობა მისცეს. რამდენიმე ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ბედის გარკვევა საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს. ამ მიმართულებით აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. სომხეთი მზად არის, გააგრძელოს და გააღრმაოს აზერბაიჯანთან თანამშრომლობა ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხზე. და, რა თქმა უნდა, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ელოდებიან იმ სომხების დაბრუნებას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში არიან დაკავებული. ამ საკითხების ჯერ კიდევ მოუგვარებლობასთან ერთად, პესიმისტების შეშფოთებას კიდევ ერთი გარემოება იწვევს – სომხეთსა და აზერბაიჯანში, გარკვეულ წრეებში, დროდადრო კონფლიქტური რიტორიკის გამოყენება, ზოგჯერ კი ოფიციალურ დონეზეც. ვფიქრობ, რომ ჩვენ – სომხეთმა და აზერბაიჯანმა – უკვე მივაღწიეთ საკმარისზე მეტ შედეგს, რომლებიც ჩვენთვის უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე კონფლიქტური რიტორიკის გამოყენება, იქნება ეს ისტორიის, ისტორიული და კულტურული ძეგლების თუ სხვა საკითხების შესახებ. მშვიდობის განმტკიცება და მისი გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. სწორედ ეს არის ის რიტორიკა, რომელიც ორი ქვეყნის მიერ მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტშია ასახული. ამ შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება არის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ არჩეული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მრავალპოლარულობის ლოგიკიდან გამომდინარეობს.

„სომხეთის მიერ არჩეული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მრავალპოლარულობის ლოგიკიდან გამომდინარეობს, რაც გაერო-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ბოლო წლებში ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები დავამყარეთ საქართველოსთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან, ნიდერლანდებთან, ყაზახეთთან, გერმანიასთან, ლუქსემბურგთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ბულგარეთთან, ხორვატიასთან, ლიეტუვასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. დღეს, სხვათა შორის, ევროკომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება სომხეთისთვის ავტონომიური სავაჭრო ზომების მიღების შესახებ, რაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ხარისხზე გადასვლის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ტრანსფორმაციის ეტაპზეა და ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან მთელი წინა პერიოდის განმავლობაში სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე გავლენის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იყო. ახლა, როდესაც აზერბაიჯანთან მშვიდობა დავამყარეთ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებიც ბუნებრივად შეიცვლება. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით განვითარდეს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ურთიერთობების განვითარებას სომხეთთან ახლოს თუ მისგან შორს მდებარე პარტნიორებთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენი ურთიერთობებიც ძალიან დინამიკურად ვითარდება. თუმცა, ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ჩვენი საგარეო პოლიტიკური მისიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

უკვე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზე. თურქეთთან გვაქვს მაღალი დონის დიალოგი და მინდა, დავადასტურო პრეზიდენტ ერდოღანის მიერ რამდენიმე დღის წინ ამ ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები – ჩვენ მტკიცედ მივიწევთ წინ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში. ჩვენი ურთიერთობები კიდევ ორ მეზობელთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოსთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები კვლავ ვითარდება და ღრმავდება.

სომხეთის რესპუბლიკა რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი