ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის მთავრობა ბიზნესთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის მთავრობა ბიზნესთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს

სომხეთის მთავრობა ბიზნესთან კომპრომისზე და დათმობაზე წასვლას არ აპირებს , – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პარლამენტში 5-წლიანი სამოქმედო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვაგე ენფიაჯიანმა უთხრა, რომ ტვირთების იმპორტიორები ახალ პროცედურებზე და განბაჟების წესებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

პასუხად, ნიკოლ ფაშიანიანმა თქვა, რომ კომერციული ინტერესებით მოქმედ იმპორტიორებთან დათმობებზე არ წავა და ყველა ადამიანი ამიერიდან კანონის მიხედვით იმოქმედებს.

„განაგრძეთ იმპორტირება. გაიარეთ საბაჟო პროცედურები. გადაიხადეთ გადასახადები. არავის მიმართ არ იქნება დათმობა. არავის მივცემ ჩემი მოტყუების საშუალებას“, – აღნიშნა ფაშიანიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რევოლუცია საბანკო სფერომ უნდა დააფინანსოს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ცენტრალურ ბანკთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მიკრო ბიზნესის დასაფინანსებლად 10 მილიარდი დრამის ოდენობის ახალი საკრედიტო პორტფელი შეიქმნება.