ნიკოლ ფაშინიანი - პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება
ნიკოლ ფაშინიანი - პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება

ოპოზიციის ლიდერი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ქვეყანაში არ მოხდება. ამის შესახებ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, დამნაშავეები დაისჯებიან.

„პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება. სომხეთში კანონით მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ადამიანი არ არის დამნაშავე, ვიდრე მისი დანაშაული საბოლოოდ არ დამტკიცდება. პროკურატურას და ბრალდების მხარეს ევალება, ამტკიცონ ნებისმიერი მოქალაქის დანაშაული და ეს პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული ყველას მიმართ, სხვა შემთხვევაში, ჩვენს გამარჯვებას აზრი დაეკარგება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი ხვალ დილით სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს. მისი თქმით, შეხვედრაზე ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის პროცესზე იქნება საუბარი. საღამოს კი დაგეგმილია აქცია, რომელზეც მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგებს და სამომავლო გეგმებს ის მხარდამჭერებს გააცნობს.