ნიკოლ ფაშინიანი - ჩემთვის მისაბაძი პოლიტიკოსი ნელსონ მანდელაა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩემთვის მისაბაძი პოლიტიკოსი ნელსონ მანდელაა

სომხეთში ვადამდელი არჩევნები უმოკლეს ვადაში უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ 1-2 თვეში, – ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, ვინ მოხვდება სომხეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში, მან აღნიშნა, რომ ეს ძირითადად, მისი მოძრაობის წევრები იქნებიან.

„დროებითი მთავრობის პირველი ამოცანა თავისუფალი არჩევნების მომზადება იქნება. მგონია, რომ ჩვენს მოძრაობაში არის ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას. თუმცა, არ გამოვრიცხავ, სომხეთის ახალ მთავრობაში სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც მოხვდნენ. ჩვენ დიდი ხანია, სომხეთის პოლიტიკაში ვართ. კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი ვართ. თუ ჩვენ მოვახერხეთ სერჟ სარგსიანის გადადგომა, მაშინ ქვეყნის მართვაც შეგვიძლია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, „ხავერდოვანი რევოლუციის“ მიზნები აუცილებლად შესრულდება. ის აცხადებს, რომ პირველი პრემიერ-მინისტრის გადადგომა იყო, მეორე კი პრემიერ-მინისტრად ოპოზიციონერის წარდგენაა, შემდეგ – დროებითი მთავრობის ფორმირება, რომელიც საარჩევნო რეფორმას ჩაატარებს, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ პოლიტიკოსს შეადარებდა ის საკუთარ თავს და ვინ არის მისთვის მისაბაძი მაგალითი, ფაშინიანმა ნელსონ მანდელა დაასახელა.

„ნელსონ მანდელასთან შედარება ჩემთვის უფრო მისაღებია, რადგან ჩვენი მთავრი მიზანი სომხეთში არსებული ნეგატიური ატმოსფეროს შეცვლაა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დიდი ხნის წინ დავკარგეთ. მჯერა, რომ ეს პოზიტივი, რომელიც ახლა არსებობს, დიდხანს შენარჩუნდება. მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება რეალური დემოკრატია და თავისუფლება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.