„ნიკე-ლუსომ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ორი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

15:00, 15.07.2026

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „ნიკე-ლუსო“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდისთვის ემზადება, რამდენიმე მოთამაშით გაძლიერდა.

გუნდს ბერძნული „პანათინაიკოსიდან“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მარიამ კალანდაძე შეუერთდა. ასევე დაიმატეს 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ქეით გოდენი, რომელსაც უთამაშია „არსენალისა“ და „საუთჰემპტონის“ ასაკობრივ გუნდებში, „ჩარლტონ ატლეტიკში“, ბოლოს კი ავსტრალიის პრემიერლიგაში გამოდიოდა.

კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს – ერთი პორტუგალიის ნაკრების მოთამაშეა, მეორე კი ინგლისელი, რომელიც „ლივერპულის“ აკადემიის გუნდში გამოდიოდა.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხგუნდიანი მინიტურნირი პოლონეთში გაიმართება. „ნიკე-ლუსო“ 22 ივლისს ნახევარფინალში მასპინძელ „სოსნოვიეცს“ დაუპირისპირდება.

ნახევარფინალების გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი