ნიკა ყიფიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - პრემიერლიგა ქართველების გოლებით განახლდა [ვიდეო]

რუსეთში საფეხბურთო სეზონი სარანსკში გამართული მატჩით გაიხსნა, სადაც „ტამბოვმა“ ვოლგოგრადის „როტორს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იმიტომ იყო, რომ ორივე გუნდში 6 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება – „ტამბოვის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ 18 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ გიგაშვილი და 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ვლადიმერ (ვალიკო) კობახიძე. ორჯერ მეტი ქართველი ვოლგოგრადის „როტორშია“, მაგრამ საბა კვირკველიას და გიორგი არაბიძეს არ უთამაშიათ, ძირითადში მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი იყო (შეუცვლელად ითამაშა), ნიკა ყიფიანი კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და მატჩის გმირი გახდა.

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა

„როტორი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში „ტამბოვი“ დაწინაურდა. მეორე ნახევარში ვოლგოგრადელთა შეტევა ყიფიანმა გაამწვავა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ძალიან მწვავედ და სასარგებლოდ თამაშობდა. ყიფიანის გადაცემის შემდეგ 54-ე წუთზე მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სამწუხაროდ, ეს მოთამაშე ზურაბ გიგაშვილი აღმოჩნდა. 57-ე წუთზე ყიფიანის გადაცემით ანდრეს პონსემ ვოლგოგრადელები დააწინაურა, 71-ე წუთზე კი თავად 23 წლის ყიფიანმა გაიტანა და „როტორმა“ სტუმრად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – 3:1.

64-ე წუთზე გატანა დავითაშვილსაც შეეძლო, საჯარიმოსთან მეტოქეს ბურთი აართვა და მცველებს ეფექტური მოძრაობებით ჩამოშორდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად ვერ დაარტყა. ნიკა ყიფიანი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დამსახურებულად აღიარეს.

20 ტურის შემდეგ „ტამბოვი“ 13 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა, ხოლო ვოლგოგრადის „როტორმა“ 17 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა.