ნიკა რამიშვილი, იგივე „დრუპი“ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში იქნება - ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა
„გამარჯვებული საქართველოს“ მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, – ამის შესახებ მსახიობმა, ნიკა რამიშვილმა („დრუპიმ“) პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციისას განაცხადა.
„პოლიტიკურ პარტიას ჯერ ჩვენ ამას არ ვეძახით, არ არის ეს ჯერ პოლიტიკური პარტია. პრინციპში, ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პოლიტიკურ პარტიად და ქართველი ხალხის ძალად უნდა გადაიქცეს ძალიან მალე. მიზანი ბიძინა ივანიშვილის მმართველობიდან ჩამოშორებაა და შესაბამისად, საქართველოს გამარჯვება, რომლისკენაც საქართველო ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდიოდა და გააჩერა ამ კაცმა“, – განაცხადა ნიკა რამიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა მიმართულებით იმუშავებს ახალ გაერთიანებაში, მან აღნიშნა, რომ ფუნქციები ჯერ არ გადაუნაწილებიათ.
„ფუნქციები ჯერ ასე არ დაგვინაწილებია, ანუ ვისაც რა შეგვიძლია უკეთესად და ვნახოთ, რა იქნება საჭირო“, – განაცხადა „დრუპიმ“.
პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.