ნიკა ობოლაძე - როგორ შეიძლება, ლეგიტიმური იყოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილი გამოეცალა
ნიკა ობოლაძე - როგორ შეიძლება, ლეგიტიმური იყოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილი გამოეცალა

როგორ შეიძლება, ლეგიტიმური იყოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილი გამოეცალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის დასანიშნი და რა თქმა უნდა, ხელისუფლება არის არალეგიტიმური. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც მუდამ ახსენებდა ბიძინა ივანიშვილს, ამბობდა – მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამით იღებდა ხოლმე პოლიტიკურ დივიდენდებს. დავუშვათ, არჩევნებზე დანარჩენი ფაქტორები არ არსებობდა და იყო სრულიად სამართლიანი საარჩევნო გარემო, რამდენი იყო ბიძინა ივანიშვილის გავლენა იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო? ერთი პროცენტიც არ იყო?! ეს ხომ ხუმრობა არ არის?! ეს იყო უზარმაზარი, 1%-იც იყო და 41%-იც. ბიძინა ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ იდენტობის და ძალის განმსაზღვრელი იყო და როდესაც ის მათ შორის, შემდეგმა პოლიტიკურმა პროცესებმა აიძულა, პოლიტიკას საჯაროდ გასცლოდა და ეთქვა, მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც კი არ ვიქნებიო, როგორ შეიძლება, ლეგიტიმური იყოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილი გამოეცალა?!“ – განაცხადა ობოლაძემ. 

მისი თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამდეც ამბობდა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არჩევნები გაყალბდა.

„არჩევნები გაყალბდა ბევრი სხვადასხვა მიზეზით, არჩევნებამდეც და არჩევნების დღესაც“, – განაცხადა ობოლაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა დამტკიცდეს არჩევნების გაყალბება მაშინ, როცა ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობს, უარს ამბობს უბნების ვიდეოჩანაწერების ნახვაზე და ა.შ, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ კომისიებში 2 000-ზე მეტი საჩივარი იყო დაწერილი, მაგრამ 90% არ დაკმაყოფილდა, ხელისუფლება კი, ახლა ამბობს, რომ ოპოზიციამ რაღაც დაამტკიცოს.

„შავი ფული რომ იყო გამოყენებული, ვიცით; ძველი ბიჭები რომ იყო გამოყენებული, ვიცით; კოორდინატორები რომ იყო გამოყენებული, ვიცით; კარუსელები რომ იყო, ისიც ვიცით და ბიულეტენების 4% რომ გაუქმებული და გაბათილებულია, რომლის 90% ოპოზიციას ეკუთვნოდა,ისიც და ახლა გვეუბნებიან, გაყალბდა თუ არა არჩევნებიო. კი, გაყალბდა“, – განაცხადა ობოლაძემ.

როგორც ობოლაძემ აღნიშნა, პარლამენტში შეუსვლელობა მორალურადაც სწორია და ტაქტიკურადაც.

„ეს ტაქტიკურად სწორია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ აღიაროს, რომ ლეგიტიმური აღარ არის“, – განაცხადა ობოლაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შანსი, რომ ოპოზიციამ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის დეტალები, რომელიც მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანის, ყველაფრის გაჭიანურების და პროცესში შეთრევის მცდელობაა.