„ფანტასტიკო გოლ“ - ნინუამ პაოკ-ში პირველად გაიტანა (ვიდეო)

ნიკა ნინუას სალონიკის პაოკ-ში სულ რამდენიმე წუთი ეყო, რომ საბერძნეთის სუპერლიგაში საგოლე ანგარიში გაეხსნა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელი, აბელ ფერეირა არ სწყალობდა და სულ სამჯერ ათამაშა, ისიც შეცვლაზე.

სუპერლიგის მე-7 ტურში „პანეტოლიკოსთან“ გასვლით შეხვედრამდე, მოულოდნელად, პაოკ-ის მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა და მის მიერვე გუნდში მიყვანილ მოთამაშეებთან ერთად, ბრაზილიურ „პალმეირასში“ გადავიდა, გუნდი კი მოედანზე პაბლო გარსიამ გაიყვანა.

გარსიამ ნინუა „პანეტოლიკოსთან” მოედანზე 82-ე წუთზე შეუშვა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 21 წლის ქართველმა ლეგიონერმა ეს შანსი ჩინებულად გამოიყენა. სულ რაღაც 6 წუთში სტუმრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც ნინუამ დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

კომენტატორი ემოციას ვერ მალავდა – „ნინუა, გოოოლ! ფანტასტიკო გოოლ!“ სიხარულისგან ემოციები ვერც ნინუამ მოთოკა და გოლის შემდეგ მაისურა გაიხადა, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ამის შემდეგ ანტონიო-მირკო კოლაკმა პენალტით სალონიკელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. საბოლოოდ, პაოკ-მა 3:1 მოიგო.

ამავე ტურში, „ლამიამ“ საშინაო არენაზე „პანათინაიკოსთან“ 0:2 წააგო. მასპინძელთა შორის 29-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბაჩანა არაბულმა, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს, გუგა ფალავანდიშვილი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

7 ტურის შემდეგ მოპოვებული 12 ქულით პაოკ-ი მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლამია“ 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა.