ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები საქმეზე სასამართლო სხდომის გამართვას უახლოეს 24 საათში ელოდებიან.

თუმცა, როგორც ადვოკატებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რადგანაც ნიკა მელის ამჟამად არასაპატიმრო ღონისძიება აქვს, სასამართლო პროცესის გამართვა შესაძლოა, დროში შეზღუდული არ იყოს. კანონმდებლობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ცვლილების მიზნით შუამდგომლობით მიმართავს, სასამართლო ვალდებულია, სხდომა 24 საათში დანიშნოს. თუმცა, აღნიშნული კანონი მკაცრად მოქმედებს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირი არის დაკავებული. რადგან ნიკა მელია დაკავებული არ არის და მისი საქმის განხილვა არსებით ეტაპზეა, სასამართლოს შეუძლია, სხდომა 24-საათიან ვადაში არ ჩანიშნოს. ადვოკატების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის შეტანიდან ვადა 24 საათია, როდესაც პირი არ არის დაკავებული, ეს ვადა შესაძლოა, დაირღვეს.

ამასთან, პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა შესაძლოა, დღეს ან ხვალ დაინიშნოს. არასაპატიმრო ღონისძიების დროს კანონით განსაზღვრული ზუსტი ვადა არ არის, თუმცა პროკურორი აცხადებს, რომ შუამდგომლობის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში სხდომა დაინიშნება. მიხეილ სადრაძის თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავდა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.