ნიკა მელია - ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს
ნიკა მელია - ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიამ გადაუხადა მადლობა იმ ადამიანებს, რომელთა დახმარებითაც მიხეილ სააკაშვილი წყვეტს შიმშილობას.

„რომ არა თქვენ, რომ არა თქვენი არაძალადობრივი პროტესტი, რომ არა ის არაერთი მართლაც ძალიან სახიფათო დღე, სადაც ხაფანგი და მახე ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს დაგებული და ამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულს, დიახაც, დღევანდელი დღე ისე არ დასრულდებოდა, მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემოდა შესაძლებლობა, შეეწყვიტა შიმშილობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.

უკვე ადამიანურად ვართ ბედნიერი, ვიცით რა, რომ არ ელოდება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, ჩვენს მეგობრებს, დეპუტატებს და ბევრ კიდევ სხვა ადამიანს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანური სიხარულია. რაც შეეხება პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ ფართო გაგებით სიხარულს, ჯერჯერობით ჯერ ჩვენ ვერ განვიცდით, ვიდრე ვიცით, რომ ქვეყანას ჰყავს უზურპატორი ხელისუფლება, რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მიიტაცა არჩევნები და ცდილობს, რომ ამ რეალობას შეაგუოს მავანი, მაგრამ ამ რეალობას არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა უკვე საქართველოს მოქალაქეებისა და ბრძოლა, რა თქმა უნდა ისეთივე არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში თქვენ გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას და არ შემიძლია, კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა იმ მზაკვრულ, მაგიდაზე დადებულ გეგმას, რომელსაც ხორცი ვერ შეესხა და ეს გეგმა გულისხმობდა სისხლის ღვრას. დიახაც, სამოქალაქო დაპირისპირებას და ის რომ არ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა და არავითარ შემთხვევაში რეჟიმის. იმიტომ, რომ რეჟიმი პირიქით, ცდილობდა სისხლისღვრის გამოწვევას. რატომ მანამდე არ ზრუნავდნენ, რატომ მანამდე არ გამოიჩინეს ჰუმანურობა. დღეს თქვენ არ გექნებოდათ შესაძლებლობა, ბოლო საათებში მოგესმინათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, სადაც ისინი საუბრობენ.

აი, მაგალითად მათი პარტიის თავმჯდომარე დღეს გამოსულა და უთქვამს, რომ ჩვენთვის მთავარი პრინციპი ცხოვრებაში არის ჰუმანურობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობა და აქედან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო. არა, მათ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ასეთი, ფიზიკური მკვლელობა კი არ ჰქონდათ დაგეგმილი თავიდან, მისი გატეხვა უნდოდათ. რატომ არ ჰქონდათ იცით მკვლელობა დაგეგმილი, როგორც ასეთი? იმიტომ, რომ იცოდნენ, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა დიახაც, მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა. გატეხვა უნდოდათ და დროში წელავდნენ. განა არ შეეძლოთ ერთი კვირის წინ, 10 დღის წინ გადაეყვანათ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში. არა, გზადაგზა ავრცელებდნენ მისი ღირსების შემლახველ ვიდეოკადრებს; ასევე, აბუჩად იგდებდნენ ყოველდღიურად მას, როგორც დატყვევებულ ადამიანს და ამ ყველაფერს ჩვენ გვასმენინებდნენ, გვაყურებინებდნენ, რომ ჩვენ გამოვსულიყავით მდგომარეობიდან და ერთ მშვენიერ დღეს, მათ საფუძველი მისცემოდათ, რომ საკუთარი სპეცრაზმელები და რობოკოპები გამოეყენებინათ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ – აი, რასაც გეუბნებოდით ხალხნო. ხომ გითხარით, ეს ადამიანი სახელმწიფოს გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ და არა დატყვევებული ადამიანის, მათი ლიდერის დასახსნელად უსამართლო ტყვეობიდან. სახელმწიფოს გადამტრიალებელი ვინმე თუ არის, არის „ქართული ოცნება“. იმიტომ რომ, მათ ჰყავთ მიტაცებული ამ ქვეყნის მომავალი და აწმყო ხომ თავისთავად. ამიტომ მართლაც ქედს ვიხრი, ხალხნო, მოვა დრო და ამაზე ბევრს ვილაპარაკებ უფრო კონკრეტული ფაქტებით, თუ რას გადავურჩით ჩვენ. ახლა ყველაფერზე არ ვსაუბრობ კიდევ.

ძალიან თხელ ყინულზე ვიარეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა, ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ, როდესაც მწვავე საპროტესტო აქციების ჩატარება გვიწევდა და ისე გავაკეთეთ, რომ პროვოკაციას არ წამოვეგეთ, რაც გამოიწვევდა დაკავებებს კი არა, სისხლისღვრას, როგორიც უნდოდათ მათ. უნდოდათ არა მარტო ადამიანებს, რომლებიც აქ სხედან, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმის ავტორებს. მაგრამ, მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ. არც ერთი ჩვენგანი, მე დავიფიცე ყველა ქალაქში, სადაც ვიარე და ვთქვი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ; ვიდრე მიტაცებული სახელმწიფო „ქართულ ოცნებას“ ექნება, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ. აი, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.