ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილთან კულუარულად მაინც უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები, რომ დავით გარეჯის საკითხზე დახმარება აღმოუჩინოს
ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილთან კულუარულად მაინც უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები, რომ დავით გარეჯის საკითხზე დახმარება აღმოუჩინოს

„ქართულ ოცნებაში“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები თუ არიან, სააკაშვილთან კულუარულად მაინც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები, რომ დავით გარეჯის საკითხზე დახმარება აღმოუჩინოს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილია პრობლემის სათავე და არა მარტო დავით გარეჯთან მიმართებაში.

„შეუძლებელია, ქალბატონი ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში მოღვაწეობდეს და მან სახელმწიფოს პრობლემა არ შეუქმნას. ზურაბიშვილი და პრობლემები არის თანმდევი. აზერბაიჯანი თავისას ცდილობს და თავისი ვიწრო სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედებს.

აზერბაიჯანმა დაინახა, რომ თბილისში პატრონი არ ჰყავს ქვეყანას. ათწლეულების განმავლობაში ის სადავო ტერიტორია, რაც გაყინული იყო და დავიდარაბა არ იყო, ვხედავთ, ახლა რით დამთავრდა. რატომ? – იმიტომ რომ აზერბაიჯანი ცდილობს, თავის სახელმწიფოებრივ ინტერესს მიაღწიოს და სად არის ჩვენი სახელმწფო ინტერესი, სად არის ჩვენი ხელისუფლება? არაა. არ არის არც სახუმარო, არც სასაცილო ჩვენი ხელისუფლების პირობებში მსგავს პრობლემას ადგილი არ ჰქონდა და თუ ჰქონდა, მალევე წყდებოდა და ამას ახერხებდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისი ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავისი გამოცდილების გათვალისწინებით. ის ახერხებდა, საქართვლოს სახელით მოლაპარაკება ეწარმოებინა აზერბაიჯანთან ისე, რომ ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ყოფილიყო დაცული და სტრატეგიული მეზობლის ინტერესებიც არ ყოფილიყო უგულებელყოფილი. თუ „ქართულ ოცნებაში“ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები, არ უნდა მოერიდოთ, კულუარულად მაინც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სააკაშვილთან, რომ იქნებ, ამ გზაზე მათ დახმარება აღმოუჩინოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.