ნიკა მელია - პროკურორებო, გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს, ხვალ და ზეგ ბატონი გავრილოვი რომ ჩაჯდეს, იგივეს გავაკეთებ
ნიკა მელია - პროკურორებო, გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს, ხვალ და ზეგ ბატონი გავრილოვი რომ ჩაჯდეს, იგივეს გავაკეთებ

პროკურორებო, გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს, ხვალ და ზეგ ბატონი გავრილოვი რომ ჩაჯდეს, იგივეს გავაკეთებ, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა და მის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ორი სიტყვით მინდა, საზოგადოების გასაგონად ვთქვა და მიმოვიხილო, ამ საქმეზე რა მოხდა და რაც ხდება. ისეთ აზრს ავითარებთ და ისეთ სიღრმეებში მიგყავთ, იმ ფსკერამდე ვერ ჩამოგყვებათ. პროკურორი ამირან გულუაშვილი, ეს ბატონი საუბრობს, რომ ჩემი თვითმიზანი ყოფილა თურმე პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ გგონიათ, ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს. ბევრად ეფექტური ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის გარეთ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ეს არაა თქვენი თვითმიზანი. ეს ბატონი კობახიძეები და ივანიშვილები საუბრობენ, თუკი ვინმე რამეზე საუბრობს ჩემს პატიმრობაზე, ეს ადამიანები არიან. დილის რვა საათზე არ გამოცხადდით, პარლამენტში გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, რომ ვთმობთ პროპორციულ არჩევნებსო, მაგრამ ვიღაცებს დავიჭერთო. ორი წელიწადია გასული, სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან, საარაკო სიგიჟეს, კამერები თვითონ წაშალეს; ამის შემდეგ, ორი წელიწადია, დამოკლეს მახვილივით ეს საქმე დამკიდეს და ეგონათ, რომ გამბედაობას შემიმცირებდნენ; ორი წელიწადია, მოწმე არ დაუკითხავთ, მტკიცებულება არ გამოუკვლევიათ. რომ საუბრობენ, სამაჯური მოიხსნაო, როდესაც პროპორციული არჩევნები დათმო. დიახაც, სამაჯური მივიღე, რადგან ბევრად მეტი დათმო. მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც გადაგვაგდო, ვარღვევდი პირველივე დღიდან. გლდანში წავედი, წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდი და მოგიგეთ არჩევნები.

როდესაც სიტყვით გამოვდიოდი, ხომ ვარღვევდი იმ განჩინებას? მას შემდეგ, რაც ჩაიდინეს 31 ოქტომბერს, ის სამაჯური ჩემს ხელზე არ უნდა ყოფილიყო. არაფერი ისეთ ენერგიას არ მაძლევს, როგორც იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ხართ ჩემი მოწინააღმდეგეები, თქვენ ძალადობთ ჩემზე კი არა, უდიდეს ნაწილზე ქვეყნის; ამ შემთხვევაში, ჩემზე – ვერ გამტეხავთ.

რაც შეეხება იმას, რაც ძალიან გწყინთ – ვსაუბრობთ, რომ სასამართლო არაა დამოუკიდებელი. თქვენ იცნობთ ბატონ ჩინჩალაძეს, ხომ. მე იუსტიციაში ვიყავი. ეს ბატონი დადიოდა. მე პროკურორი მეგონა და ყოფილა მოსამართლე. იცით, რაშია თქვენი უბედურება, პროკურორებო, თქვენ მე გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს, ხვალ და ზეგ იგივე რომ გააკეთოთ და ბატონი გავრილოვი ჩაჯდეს, იგივეს გავაკეთებ.

არაფერი ისეთი მტკივნეული არაა, როგორც სიმართლე. პარადოქსია, ვართ სასამართლო შენობაში მიმდინარეობს სხდომა რომელსაც მოსამართლე არ ესწრება. ეს ადამიანი დღესაც თავის თავს არწმუნებს, რომ გარეთ იყვნენ მოძალადეები და შიგნით იყვნენ სახელმწიფო ღირსების მცველები, ჰალსტუხმოჭერილები რომ მიდიან ევროკავშირის ოფისში, იქ ჩემი გამოშვება-არ გამოშვებით რომ ივაჭრონ და 20 ივნისის საქმეზე მელიას გამოუვუშვებთო და ამათ თვალების თხრა ეპატიოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.