ნიკა მელია - გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს, მიხეილ სააკაშვილი მათ შორის ერთ-ერთია
ნიკა მელია - გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს, მიხეილ სააკაშვილი მათ შორის ერთ-ერთია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ხვალიდან გადიან ქუჩებში და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს იწყებენ, აცხადებს, რომ ყველაფერი გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მოილაპარაკოს.

„ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. ყველაფერს გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტს ერთობლივად, კონსესუსის საფუძველზე. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთია. ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციაზე უბრალოდ კი არ ვსაუბრობდით, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციაა. გაერთიანებული ოპოზიცია მოვითათბირებთ, გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, რაც უნდა ცალკე აღებული ერთი პარტია დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს – რეიტინგს ვგულისხმობ, სხვა პარტიაზე, ეს არავის გვაძლევს იმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ განცხადება შეუთანხმებლად გავაკეთოთ. უნდა მოვითათბიროთ და განცხადება ამის შემდეგ გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით და აქ ორი და სამი პოზიცია არ იქნება. ყველამ ერთად დავინახეთ, რა ხდებოდა და ხელისუფლება როგორ იქცეოდა. ეს კრიმინალური ხელისუფლებაა. თქვენ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება უფრო დაგაზარალებთ, ვიდრე დამარცხება.

ფაქტია, რომ ოპოზიცია ბრძოლას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს, ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით. არასოდეს არ გავსულვართ კონსტიტუციური ფარგლებიდან, რას არ გვაბრალებდნენ, კონსტიტუციის ფარგლებს გასცდნენ და ასე შემდეგ და არც ახლა არ გავცდებით. მაგრამ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. მაგრამ კრიმინალური ხელისუფლებისთვის ეს დათმობას და თავის დახრას არ ნიშნავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.