ნიკა მელია - ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, დავიწყებთ რევოლუციასო, არ იწყება რევოლუცია, არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებები, მიმხვედრი მიხვდება
ნიკა მელია - ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, დავიწყებთ რევოლუციასო, არ იწყება რევოლუცია, არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებები, მიმხვედრი მიხვდება

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ნიკა მელია აცხადებს, რომ ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, დავიწყებთ რევოლუციასო და არ იწყება რევოლუცია. მელიას თქმით, არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებები.

„არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. უბრალოდ, ოპოზიციონერებმა უნდა ვისწავლოთ, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ, სიტყვების რახარუხს თავი უნდა დავანებოთ. წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, არაფერი ისე არ იწვევს ამომრჩევლის იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა – ახლა მოვალთ და დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. ვამბობთ, გამოვალთ ხალხი ქუჩაშიო და ამას არ ვაკეთებთ, ეს არ შეიძლება, არაფერი არ აგდებს დეპრესიაში ამომრჩეველს, ვიდრე მსგავსი დამოკიდებულება.

ჩვენ სულ თავისუფლად შეგვეძლო, ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა, ჩვენ არ ვიცოდით, რომ შუალედური არჩევნები იყო? ზესტაფონში ან ზუგდიდში რომ არ მიგვეღო მონაწილეობა, ვინ გვეტყოდა, რატო არ მიიღეთო? ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოდის, ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ, დავიწყებთ რევოლუციას და არ იწყება ეს რევოლუცია, უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს, არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებები, მიმხვედრი მიხვდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ნიკა მელია თქმით, მისი სურვილია, ისე არ აიწიოს თამასა, რომ მერე წარმოუდგენელი იმედგაცრუება გამოიწვიონ.

„არაერთხელ მომხდარა ეს, არაერთ ოპოზიციურ მოძრაობას გაუკეთებია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში. მაშინდელი ოპოზიცია ამბობდა, ახლა ვიწყებთ და ვამთავრებთო. ზოგადად ვსაუბრობ, წინააღმდეგი ვარ კონკრეტული თარიღების დათქმისა, ახლა დავიწყებთ და დავამთავრებთ და შემოვივლით საქართველოს, თუნდაც ზუგდიდში.

გაკეთდა განცხადებები მაგალითად შარშან, ნოემბერში, ახლა უნდა დავიწყოთ და გავალთ ბოლოშიო, კი ბატონო, ავდგები მეც და გამოვვარდები ქუჩაში, ავიღებ თოხს, ბარს და დავიწყოთ მაშინ, მაგრამ მიზანს რომ ვერ მივაღწიოთ, რა ხდება მერე, ორ-სამ დღეში. ასეთი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, ამაზე ვნერვიულობ, რადგან ადამიანებმა სისხლი, ოფლი ჩაანთხიეს ოპოზიციურ ბრძოლას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ფუჭი მოლოდინების გაჩენით ბიძინა ივანიშვილს საჩუქრები არ უნდა გაუკეთონ.

„თქვენ ეთერში მოვისმინე, ქვეყანაში ვიწყებთ მოძრაობას და მთელ ქვეყანას შემოვივლით და მერე პროტესტს მივმართავთ კონკრეტულს, თბილისში ჩავიყვანთო“, – განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში და კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის სანდრა რულოვსს, აღნიშნა: „დიახაც, იგივე სანდრაც არ უნდა დაზიანდეს ამით და ჩვენი მოძრაობა. ითქვა სიტყვა? ამას გაკეთება სჭირდება მაშინ და ხორცის შესხმა, არ შეიძლება ხალხო, ვზიანდებით. არ უნდა გავაკეთოთ ემოციურ ფონზე განცხადება, მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ, არ არის მარტივი მდგომარეობა. რატომა ემოციური ჩემი განცხადება, ის არის ემოციური, როდესაც რაღაცას ვხედავ და არ მომწონს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ძლიერდება ამ ყველაფრით“.

ამასთან, მელიას თქმით, სააკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, არავის აქვს უფლება, გააკეთოს ერთპიროვნული განცხადება.

„ბატონმა სააკაშვილმა თქვენთან ეთერში გააკეთა განცხადება შარშან ნოემბერში, უკან არ დავიხევო, არ თქვა? არ არის ეს მისაღები, თქვენი შრომა და ჯაფაც იკარგება, ეს არ არის შარშანდელი ნოემბერი, რომ მე თვალი დავხუჭო და ვაპატიო, რომ გეგონება ჩვენ შარშან თვალი დავხუჭეთ, რაც შეგვეძლო ვაკეთეთ და შევეხეთქეთ, ზოგი დაიჭირეს და ზოგს ჯანმრთელობა შეერყა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.