ნიკა მაჭუტაძე - სააკაშვილისა და ბოკერიას ურთიერთობებში ვერ შევალ
ნიკა მაჭუტაძე - სააკაშვილისა და ბოკერიას ურთიერთობებში ვერ შევალ

სააკაშვილისა და ბოკერიას, ორი პარტიის ურთიერთობებში ვერ შევალ, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა. მაჭუტაძემ აღნიშნა, რომ თითოეული პროდასავლური პოლიტიკური ოპოზიცია უნდა იყოს მოწოდებული იმისათვის, რომ უფრო მეტი საერთო ხიდი, საერთო საკითხები გამოძებნონ.

„ამ განხილვებში ვერ შევალ, ეს არის ორი პარტიისა და ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონის ურთიერთობები, რომლითაც მე ნაკლებად ვარ დაინტერესებული. გულახდილად დავძენ იმას, რომ ჩვენთვის, პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია კონსერვატიული, ტრადიციონალისტური ღირებულებები და არა მხოლოდ ღირებულებები, არამედ მეთოდი, ოღონდ არა ზედაპირულ, არა ისეთ დონეზე და რანგზე, რომელსაც აკლია სიღრმისეული განსჯა, რომელსაც აკლია მწიგნობრული ნაწილი და რომელსაც აკლია დასაბუთებითი ნაწილიც.

პოლიტიკურად რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, პროდასავლური პოლიტიკური ოპოზიცია უნდა ვიყოთ მოწოდებული იმისათვის, რომ უფრო მეტი საერთო ხიდი, საერთო საკითხები გამოვძებნოთ ერთმანეთის შესახებ და არა წინააღმდეგობები, რომლებსაც ხელის შეშლა შუძლია ჩვენი იმ სამომავლო კონსოლიდაციისთვის, რომლის მიზანიც იქნება ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.