ნიკა მაჭუტაძე - მაშინ, როდესაც ჩვენი საამაყო სპორტსმენები იმარჯვებენ და გამარჯვების სიხარული მოაქვთ ჩვენთვის, ქართული სახელმწიფო პოლიტიკა მარცხდება
ნიკა მაჭუტაძე - მაშინ, როდესაც ჩვენი საამაყო სპორტსმენები იმარჯვებენ და გამარჯვების სიხარული მოაქვთ ჩვენთვის, ქართული სახელმწიფო პოლიტიკა მარცხდება

მაშინ, როდესაც ჩვენი საამაყო სპორტსმენები იმარჯვებენ და გამარჯვების სიხარული მოაქვთ ჩვენთვის, მაშინ ქართული სახელმწიფო პოლიტიკა მარცხდება სოციალურ საკითხებთან, მარცხდება ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან და სასიცოცხლო პროცესთან, მარცხდება დეოკუპაციისათვის ბრძოლაში, მარცხდება იმ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, რაც დღეს სუფევს საქართველოში, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა ქართველ სპორტსმენებს ბოლო დროს მიღწეული წარმატებები მიულოცა და პარალელურად, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვულოცავ ქართველ სპორტსმენებს იმ საამაყო გამარჯვებებს, რომლებსაც მათ მიაღწიეს უკანასკნელი დღეების განმავლობაში. ჩვენი ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან წარმატებულად და საამაყოდ, არიან გმირები, იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ამ ტოტალური მარცხების ფონზე, რომელსაც თქვენი პოლიტიკა განაპირობებს ამ ქვეყანაში, ახსენებს თუ როგორია გამარჯვება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერისა და საზოგადოებისათვის.

მაშინ, როდესაც ჩვენი საამაყო სპორტსმენები იმარჯვებენ და გამარჯვების სიხარული მოაქვთ ჩვენთვის, მაშინ ქართული სახელმწიფო პოლიტიკა მარცხდება სოციალურ საკითხებთან, მარცხდება ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან და სასიცოცხლო პროცესთან, მარცხდება დეოკუპაციისათვის ბრძოლაში, მარცხდება იმ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, რაც დღეს სუფევს საქართველოში, რაც განაპირობებს საქართველოს დაცლას საქართველოს მოქალაქეთაგან და მათ ადგილზე, დაცლილ ქართულ ქალაქებში და სოფლებში რუსების და რუსეთის მოქალაქეების ჩამოდინებას“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ნიკა მაჭუტაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.