ნიკა კვეკვესკირის გოლი და საგოლე პასი - „ლეხი“ კონფერენსლიგის მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

პოზნანის „ლეხმა“ კონფერენსლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა შვედეთში „იურგარდენთან“ გამართა, 3:0 მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

პოზნანელებმა პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგეს. პოლონეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ იყო – ნიკა კვეკვესკირი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე 67-ე წუთზე შეუშვა, გიორგი წიტაიშვილი კი სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა.

პირველ ტაიმში შვედები კაცნაკლულნი დარჩნენ – მარკუს დანიელსონს უხეშობისთვის არბიტრმა მოედანი 44-ე წუთზე დაატოვებინა. „ლეხმა“ ამით ისარგებლა და 77-ე წუთზე დაწინაურდა – ფილიპ მარჩინსკიმ პოზნანელები წინ გაიყვანა.

90+2-ე წუთზე კვეკვესკირმა მიმდინარე ევროსეზონში პირველი გოლი გაიტანა და „ლეხი“ კიდევ უფრო დააწინაურა, რამდენიმე წამში კი ნიკას საგოლე გადაცემით საბოლოო ანგარიში მიხალ სკორაშმა დააფიქსირა – 3:0.

საბოლოოდ, „ლეხმა“ ორმატჩიან დაპირისპირებაში შვედური კლუბი 5:0 დაამარცხა (2:0, 3:0) და ბოლო წლებში საუკეთესო შედეგს მიაღწია – პოლონეთის ჩემპიონი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.