ნიკა კვეკვესკირი - ვცდილობთ, ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და „ბ“ დივიზიონში გადავიდეთ
ნიკა კვეკვესკირი - ვცდილობთ, ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და „ბ“ დივიზიონში გადავიდეთ

ნიკა კვეკვესკირმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩი შეაფასა – 28 წლის ნახევარმცველის თქმით, გუნდზე გაშვებულმა გოლმა ცუდად იმოქმედა.

„სანამ გოლს გავუშვებდით, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას მოყვა, შეხვედრა გარდამტეხი უპირატესობით მიდიოდა. უპირატესობას ვფლობდით და გაშვებულმა გოლმა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მოწინააღმდეგეს კი თავდაჯერება მისცა, მაკედონიელები გაიხსნენ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. რეალურად ეს არ ასახულა რაიმე სახიფათო მომენტში. მეორე ტაიმში გვქონდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

გამოცდილი ნახევარმცველის თქმით, ეს მატჩი მნიშვნელოვანი ორი მიზეზის გამო იყო:

„ყველას გვესმოდა, რომ ფურცელზე ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენთან ერთად, ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რადგან ჯგუფი თანაბარი და თითოეულ გუნდს სურს წარმატებით დაასრულოს. ამას გარდა, დამატებით მოტივაციას სძენდა ის ფაქტი, რომ მაკედონია ერთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა. იყო მოტივაციაც, ცოტა ნერვიულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდს, შესაძლოა და იმედია, რომ ფინალშიც შევხვდებით. გვინდოდა, რომ გამარჯვებით დაწყებული ჯგუფი წარმატებით გაგვეგრძელებინა. ჩვენს გეგმებში საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვა არ შედიოდა – გამარჯვება გვსურდა, რადგან ვცდილობთ, ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და „ბ“ დივიზიონში გადავიდეთ“.