ნიკა კვეკვესკირი - „ლეხთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერი ვარ #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - „ლეხთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერი ვარ #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა პოზნანის „ლეხთან“ განახლებული კონტრაქტის შესახებ, რომელიც მასსა და პოლონეთის ჩემპიონს შორის მესამედ გააფორმებული ხელშეკრულებაა.

„გუნდში ჩემი პირველი ნაბიჯები მარტივად არ ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვე და ჩემი საჭიროება დავამტკიცე. გავხდი ფანტასტიკური გუნდის წევრი, რომელთანაც ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე. ეს ტიტული ჩემთვის განსაკუთრებული იყო, მით უმეტეს, რომ კლუბისა და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულ დროს მოვიგეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ამის გამო დიდი სიამაყე იგრძნო“, – აცხადებს ნიკა კვეკვესკირი.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის თქმით, ის პოლონეთში თავს კარაგდ გრძნობს: 

„კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან პოზნანში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს ოჯახზე, რომლისთვისაც ეს ქალაქი განსაკუთრებულია. ეს არის ჩემი კლუბი და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ნდობისა და მასპინძლობისთვის მადლობა თამაშით გადავიხადო. ჩემთვის ერთი ჩემპიონის ტიტული საკმარისი არ არის, მინდა, პოლონეთში მეტი თასი მოვიგო და „ლეხი“ ევროპაში ღირსეულად წარმოვადგინო“.

კვეკვესკირმა „ლეხში“ 74 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის 53 მატჩი პოლონეთის ჩემპიონატში, ევროტურნირებზე – ათი მატჩი და სამი ლამაზი გოლი გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა პოზნანის „ლეხთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.