ნიკა კვეკვესკირი - კარგია, რომ საქართველოს ნაკრების მატჩები რეგიონებშიც ტარდება #1TVSPORT
8 ივნისს, კაბო ვერდესთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა და ეროვნული გუნდის თამაშის დედაქალაქის გარეთ დანიშვნას მხარი დაუჭირა.
„სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეკრებაა. ბევრ ისეთ ფეხბურთელეს მიეცა შანსი, ვისაც მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ან საერთოდ არ ეძლეოდა ნაკრებში თამაშის საშუალება. ვფიქრობ, რომ ბევრმა მათგანმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რაც ნაკრებში კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს.
რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ასეთი დონის მატჩები თბილისის გარეთ ტარდება და ადგილობრივ გულშემატკივარსაც შესაძლებლობა ეძლევა, საყვარელ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაუჭიროს მხარი“.
საქართველოსა და კაბო ვერდეს ნაკრებების დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.