შვეიცარიასთან (15 ნოემბერს) და ხორვატიასთან (19 ნოემბერს) მოახლოებულ შეხვედრებზე ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრებისა და ყაზახური „ტობოლის“ ფეხბურთელმა ბოლო ოთხი სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანს კი ოქტომბერში დაუბრუნდა და წლის ბოლო ორი შეხვედრისთვის ემზადება.
„ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია“, – ამბობს კვეკვესკირი, – „სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს. ყველამ ვიცით, შვეიცარიას რა დონის ნაკრები ჰყავს. ამავე დროს, ევრო 2020-ზე მოსახვედრად, ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნაში შანსი მიეცემა რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. კარგად ვემზადებით და ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ.
გამოცდილმა ნახევარმცველმა მომავალი შეხვედრების დანიშნულებაზეც ილაპარაკა: „ეს მატჩები ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის გენერალური რეპეტიცია იქნება. ვფიქრობ, მარტში ბელარუსთან გასამართ ისტორიულ მატჩამდე ნაჩვენები შედეგები ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია“.
შვეიცარია-საქართველოს ნაკრებების შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება.