ნიკა კვეკვესკირი - დარწმუნებული ვარ, ამ ორ მატჩში გულშემატკივარი სხვა ნაკრებს იხილავს
ნიკა კვეკვესკირი - დარწმუნებული ვარ, ამ ორ მატჩში გულშემატკივარი სხვა ნაკრებს იხილავს

ნიკა კვეკვესკირმა უახლოეს სანაკრებო შეკრებებზე ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე-მეოთხე ტურში სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს.

„ამ შეხვედრებს მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით. გასული ორი შეხვედრის შედეგებმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინა. ვფიქრობთ, უფრო მეტი შეგვიძლია და გულშემატკივარი მეტს იმსახურებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ თვალში რეაბილიტირება მოვახდინოთ“, – ამბობს კვეკვესკირი.

ეროვნული გუნდის გამოცდილმა მოთამაშემ მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოძახებაზეც ილაპარაკა – „სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკრების ლიდერები გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. გარკვეულწილად ეს დადებითი მომენტია, რადგან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი მიეცემა, ეროვნული ნაკრების სახელით ითამაშოს. ხვიჩა კვარაცხელიას სახით მიმდინარე შეკრებაზე დებიუტანტი გვყავს და მთელი გუნდის სახელით მას წარმატებას ვუსურვებ“.

მომავალ შეხვედრებში საქართველოს ნაკრები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გუნდებს დაუპირისპირდება – დანია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო გიბრალტარი – აუტსაიდერი. კვეკვესკირმა მომავალი მეტოქეებიც შეაფასა: „აუტსაიდერობის მიუხედავად, გიბრალტარი პროგრესირებს და საკუთარი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. კარგია, რომ დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ჩვენი ნაკრებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რადგან უპირატესობას გახსნილ და შემტევ თამაშს ვანიჭებთ. სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთი გასულ ორ შეხვედრაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალ მატჩებში გულშემატკივარი საქართველოს განსხვავებულ ნაკრებს იხილავს“.